13.08.2020 14:58
სად და როდის დაამზადეს პირველად ყველაზე გემრიელი საზაფხულო დესერტი - ნაყინი
ნაყინი ალბათ ყველასთვის საყვარელი დესერტია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ პირველად იგი 3000 წლის წინათ ძველ ჩინეთში, იმპერატორის მზარეულმა დაამზადა. მის შემადგნელობაში ყინულის ნატეხები, რძე და ბროწეულის მარცვლები შედიოდა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 380 წელს კი, მედიცინის მამამ, ჰიპოკრატემ პირველად განაცხადა, რომ ეს სასარგებლო პროდუქტი იყო. მან ურჩია ერთ-ერთ პაციენტს, ეჭამა გაყინული კრემი, რომელიც მისი აზრით, ჯანმრთელობას გააუმჯობესებდა.
კიდევ ერთი ცნობა, რომელიც ნაყინს უკავშირდება, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნით თარიღდება. ალექსანდრე მაკედონელს ძალიან უყვარდა ნაყინი და უამრავი მონა ჰყავდა სპეციალურად იმისთვის, რომ მისთვის მყინვარებიდან ყინულის ნატეხები მოეტანათ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1295 წელს, ვენეციელმა მოგზაურმა მარკო პოლომ, პირველმა ჩაიტანა ნაყინის რეცეპტი ჩინეთიდან ევროპაში. 1850 წელს კი, გარდაიცვალა ამერიკის მე-12 პრეზიდენტი, იმის გამო, რომ ბევრი ნაყინი მიირთვა. რის შემდეგაც პირველად ალაპარაკდნენ ნაყინის მავნებლობაზე.
2001 წელს, გერმანელმა მეცნიერებმა გამოავლინეს ნაყინის სასარგებლო თვისებები. მათი თქმით, ის ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის გამომუშავებას, რომელიც გვეხმარება გავუმკლავდეთ სტრესს და დეპრესიას. ის ხსნის დაძაბულობას და დაღლილობას. გარდა ამისა, ნაღები და რძე, რომელიც ნაყინის შემადგენლობაში შედის, ბუნებრივი ტრანკვილიზატორია, რომელიც გვეხმარება უძილობის თავიდან აცილებაში.
ნაყინის გამოგონების შემდეგ დიდი დრო გავიდა და მას შემდეგ უამრავი ფერისა თუ არომატის ნაყინი გამოიგონეს, თუმცა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გემრიელი ვანილის ნაყინია GMnews-ი გთავაზობთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს, რომელიც სახლშიც შეგიძლიათ მოამზადოთ.
ინგრედიენტები: სახამებელი - 1 ჩ.კ, კარაქი - 100 გ, რძე- 1 ლ, შაქარი - 2 ჭიქა, 5 კვერცხის გული, ვანილი - 2 პაკეტი (ან 1 ჩხირი)
მომზადების წესი: კარაქი ჩავუშვათ ცხელ რძეში, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. სხვა ჭურჭელში შევურიოთ ერთმანეთს კვერცხის გულები, სახამებელი და შაქარი. ეს მასა ცხელ რძეში წვრილ ზოლად ჩავასხათ, თან გამუდმებით ვურიოთ. გავაგრძელოთ ხარშვა, სანამ არ შესქელდება. გავითვალისწინოთ მასა არ უნდა ადუღდეს და თან გამუდმებით უნდა ვურიოთ. (ძალიან დაბალ ცეცხლზე, გამუდმებული მორევით, ამას ადვილად მოახერხებთ. მასა კეფირივით ბლანტი რომ გახდება - მზადაა)
შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჭურჭელი ცივ, გაყინულ წყალში ჩავდგათ, თან ვურიოთ რომ სწრაფად გაცივდეს. დავამატოთ ვანილი. შემდეგ გავანაწილოთ ფორმებში და გავყინოთ.