დღევანდელი მდგომარეობით, COVID19-ის საწინააღმდეგო კონკრეტული ვაქცინა ან სხვა სახის სამკურნალო საშუალება ისევ არ არსებობს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ მის შექმნაზე, აქტიურად იყენებენ ვაქცინის შექმნის ინოვაციურ მიდგომებს და აცხადებენ, რომ თუ COVID-19-ის ვაქცინა წარმატებით შეიქმნა, ეს იქნება ისტორიაში ვაქცინის შექმნისა და ვალიდაციის ყველაზე სწრაფი პროცესი.
მკვლევრები, ასევე, ეძებენ მედიკამენტებს, რომლებიც შეანელებს ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში და შეამცირებს დაავადებულ პაციენტებში ვირუსით გამოწვეულ სუნთქვის სერიოზულ პრობლემებს. თუმცა, ყველაზე სწრაფი მეთოდების შემთხვევაშიც კი, ადამიანებში ახალი დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტების გამოყენებამდე აუცილებელია პრეპარტების გამოცდა და დარწმუნება მათ უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის აღმოჩენისა და გავრცელების დღიდან, სხვადასხვა ქვეყნები აცხადებდნენ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ, რეალურად, პრეპარატის ვალიდაცია (გამოცდა) არ ჩატარებულა.
ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია, რომელიც ვაქცინის შექმნას უკავშირდება, ბოლოს იტალიელმა მეცნიერებმა გაავრცელეს.
მათ განცხადებას გამოცემა Daily Mail ავრცელებს. გამოცემის თანახმად, მეცნიერებმა ცდები უკვე ჩაატარეს თაგვებზე და აღმოაჩინეს, რომ მათ ორგანიზმში კორონავირუსზე საპასუხოდ ანტისხეულები-სისხლის პლაზმის ცილები წარმოიქმნა. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ვაქცინას ადამიანის უჯრედებში კორონავირუსის განეიტრალება შეუძლია.
ვაქცინის შემქმნელები მზად არიან, მისი ადამიანებზე გამოცდა შემოდგომაზე დაიწყონ.
„რამდენადაც ჩვენ ვიცით, ჩვენ მსოფლიოში პირველები ვიყავით, ვინც ვაქცინით კორონავირუსის ნეიტრალიზაციას მიაღწია”, - აცხადებენ იტალიელი მეცნიერები.