აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.
„ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხაშურის შემოვლითი გზის მნიშვნელობის გათვალისწინებით, აგვისტოს ბოლოს, ამ გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11,5 კმ-ზე გაიხსნება 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1,5 კმ დროებით იქნება 2 ზოლიანი. დარჩენილ 1,5 კმ გზაზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის ცამეტივე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.