3 დღეში, საქართველოს მთავრობა საზოგადოებას იმ პლატფორმას წარუდგენს, სადაც 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200 ლარიანი დახმარების მიღების მსურველები რეგისტრაციას შეძლებენ. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული იმ დოკუმენტების ნუსხა, რაც მშობელს რეგისტრაციისას დასჭირდება, თუმცა, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი იქნება საკმაოდ მარტივი და ადვილად ხელმისაწვდომი.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, რეგისტრაცია იქნება სავადებულო და იმ შემთხვევაში, თუ მშობელი სარეგისტრაციო ფორმას არ შეავსებს, ეს იქნება აღნიშნულ დახმარებაზე უარის თქმის დასტური.
„ჯანდაცვის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებ.გვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის დარეგისტრირება. დარეგისტირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ, 1-ლიდან 15 სექტემბრამდე მოხდება მშობლებისთვის დაანონსებული 200 ლარიანი დახმარების გადარიცხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ბავშვთა რეგისტრაციის სრული მონაცემები და სრული ბაზა, მთავრობას ესაჭიროება კონკრეტული მონაცემები - მშობლების ანგარიშის ნომერი, კონკრეტული მონაცემები მოზარდის მეურვის შესახებ და ა.შ. ეს ყოველივე საჭიროა იმისთვის, რომ თანხები ვხარჯოთ მიზნობრივად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ როცა პორტალი გაიხსნება, მოხდეს მშობლების მხრიდან დროული რეგისტრაცია. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი სარეგისტრაციო ფორმას არ შეავსებს, ეს იქნება აღნიშნულ დახმარებაზე უარის თქმის დასტური“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 17 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემის შესახებ შემუშავებული პროგრამა 6 აგვისტოს გაასაჯაროვა.