აგვისტოს ომი ჩვენი და ოსების წამოწყებული არაა, შუღლის გაღვივება ამ კონფლიქტით დაინტერესებული მესამე მხარის მიერაა პროვოცირებული - დევნილი მოსახლეობა
2008 წლის ომმა აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა ქვეყანას - დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები, საკუთარ სამშობლოში დევნილის სტატუსით მცხოვრები ათასობით ოჯახი, დანგრეული სოფლები, გამუდმებული სტრესის ქვეშ საზღვრისპირა დასახლებებში მცხოვრები ადამიანები და ომის დასრულებიდან 12 წლის თავზე კვლავაც აქტუალური კითხვა: იყო თუ არა ნამდვილად ეს ყველაფერი ქართველი და ოსი ხალხის ნება.
„ეს ომი არც ჩვენი და არც ოსების წამოწყებული არაა, ჩვენს შორის შუღლისა და მტრობის გაღვივება ამ კონფლიქტით დაინტერესებული მესამე მხარის მიერაა პროვოცირებული. ჩვენი განადგურებისა და ურთიერთობის გათიშვის მცდელობა ოსების კი არა ბინძური პოლიტიკის შედეგია“, - აცხადებენ დევნილები და მაგალითისთვის ომში გადახდენილი ისტორიები მოყავთ, სადაც გარდაუვალი სიკვდილისგან ხსნა სწორედ ეთნიკურად ოსი მოქალაქეებისგან მიუღიათ. ერთ-ერთი ასეთი, ელენე ხადურის თავს გადახდენილი ამბავია.
GMnews-ი სწორედ ამ დევნილი ქალბატონის ისტორიას გაგახსენებთ, რომელიც პირველად, საზოგადოებას გაზეთ „გორის მაცნეს“ მეშვეობით გავაცანით და მკითხველისგან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
ელენე ხადური: სოფლიდან თავის გადარჩენის ინსტიქტმა წამომიყვანა, სულის სიტკბომ მძლია. ჩემზე ასაკოვან მეზობლებს რომ ვუთხარი წასვლას ვაპირებ-მეთქი „გამომეტირნენ“ ჩვენც წაგვიყვანეო. ვიცოდი, ექვს მოხუცთან ერთად სიარული გამიჭირდებოდა, მაგრამ შველაზე უარს აბა ვის ვეტყოდი... ერთ ჩანთაში ჩემი შვილის ტანსაცმელი ჩავალაგე, მეორეში ხატები ჩავაწყვე, მხარზე გადავიკიდე და წამოვედით. მე წინ მოვდიოდი და ჩემს უკან ის მოხუცები მოლასლასებდნენ. ოთხი დღე ვათენ-ვაღამებდით ტყეში მშიერ-მწყურვლები, მერე შორი-ახლოს ატმის ბაღები შევნიშნეთ და ხილის ჭამა დავიწყეთ. ვერც შევამჩნიეთ როგორ დაგვადგნენ თავზე წითელი ნივით რუსი ჯარისკაცები, გვეგონა თვალებში უეჭველ სიკვდილს ჩავხედეთ. ჩემს თანამგზავრებს ვუთხარი უკან დარჩენილიყვნენ, მე წინ წავდექი და რუსულად მივმართე: ბიჭებო წყალი ხომ არ იცით სად არის-მეთქი. საბედნიეროდ მხოლოდ უკმეხად წყარომდე გზის სწავლება გვაკმარეს და უვნებლები გამოგვიშვეს. აღარც მახსოვს რამდენი ცეცხლწაკიდებული ქართული სოფელი გამოვიარეთ მას შემდეგ, თავზე ციდან წამოსული ტყვიები გვაწვიმდა. თექვსმეტი დღის შემდეგ დიცში ჩამოვაღწიეთ, რომელიც უკვე მოსახლეობისგან დაცლილი დაგვიხვდა. ვიფიქრეთ თავი ერთი მიტოვებული სახლისთვის შეგვეფარებინა და რამე იქ გაგვეთია, ის იყო ეზოში შესვლა დავაპირეთ, რკინის კარები გაიღო და იქიდან ათამდე კბილებამდე შეიარაღებული ოსი ჯარისკაცი გამოვიდა. გავშრი, ინსტიქტურად ჩანთა მოვიხსენი და წინ დავიდგი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც მათ შორის მეთაური ჩანდა, სხვებს წასვლა ანიშნა, თვითონ კი იარაღი გადმოიღო და ავტომატის ჯერით ჩანთა დამიცხრილა, მერე ხელი მკრა, მიწაზე დავეცი, ვიდრე წამოვდგებოდი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა და ორსართულიანი სახლის შენობა მთლიანად ჩამოიშალა. დღემდე ვცდილობ იმ ჯარისკაცის საქციელის ახსნას და მხოლოდ ერთი დასკვნა გამომაქვს: ის ადამიანი ასე განგებ, სხვების დასანახად, მოიქცა და სიცოცხლე ჩუმად მაჩუქა“.