კულტურა
11.08.2020 14:59
მე მძულს აგვისტო, იმიტომ რომ ომების თვეა - ვიკა ქალდანი
აგვისტო ომების თვეა, ტკივილის და სევდის მიზეზი, მე მძულს აგვისტო, - ასე ეხმაურება ახალგაზრდა პოეტი ვიკა ქალდანი რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული დაპირისპირებიდან მეთორმეტე წლისთავს და ამბობს, რომ ქართველებმა, წლებია უკვე ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის დასაფლავება ვერ შევძელით.
GMnews-ი გაგაცნობთ 27 წლის თანამედროვე ავტორის ლექსს, რომელიც ვიკა ქალდანს, გიორგი ანწუხელიძის გმირობის ისტორიით გამოწვეულმა ემოციამ დააწერინა
„მე აფხაზეთიდან ვარ დევნილი, ჩემი ოჯახისთვის რთული იყო 1992 წლის 14 აგვისტო , შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება აფხაზეთში, ტყვია ჩემს მეზობელს მოხვდა ... აგვისტო ომების თვეა, 12 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, 12 წელია დაბომბილ, ნატყვიარ, მაგრამ იმედიან ქალაქში, ომის სიმბოლოდ ქცეული საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე ვცხოვრობ . ეს ლექსიც ანწუხელიძემ დამაწერინა, 23 წლის ბიჭმა, რომელიც ვერ გატეხეს, ვერ დააჩოქეს... 18 აგვისტოს მისი დაბადების დღეა, გმირის, რომლის ღირსებამაც ყველა ბოროტებას აჯობა. არ მიყვარს აგვისტო, ომების თვეა“, - აღნიშნა ვიკა ქალდანმა.

***
წლებია უკვე ტკივილი ვერ დავასაფლავეთ,
გახრწნილი სევდის სუნი წამლავს
ჰაერს და მიწას,
სისხლის წვიმაში თავი ვერსად ვერ შევაფარეთ,
ამ მოშხამულ ფიქრს თუ არ შევცვლით
სულსაც წაბილწავს...
ატირებული უხალისო დღეები ბორგავს,
სოხუმის ზეცა მოღრუბლულა,არადა მზეა,
ქაღალდის გემით უთავბოლო ქარი დაგორავს,
სანაპიროზე ის ჩვეული სილამაზეა-
ბავშვობიდან რომ მოგვყვება და ვეღარ ვივიწყებთ,
ქვიშის სახლები,მედუზები და ზღვის სიმღერა,
ქაფ-მორეული გრძნობები და შრიალი პალმის-
დაბრუნებაზე პირჯვარი რომ გადაიწერა...
უსათაურო წიგნებს ფურცლავს ცხოვრება თვითონ,
უმიზეზობა არც აზრზეა,არც მიზეზზეა,
უიმედობა არც კი ვიცი როგორ გავრითმო-
მე მძულს აგვისტო,იმიტომ რომ ომების თვეა!
                                                        ვიკა ქალდანი
 
 
 
 
კვირის ამბები