საზოგადოება
11.08.2020 11:01
ომით გაყოფილი საზოგადოების მშვიდობიანი გზით შერიგება და თანაცხოვრება იქნება ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის საუკეთესო დაფასება - თეა ახვლედიანი

შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა. საქართველოს ხელისუფლების, შეიარაღაბული ძალებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ბრძოლის ადგილზე დღეს დილიდან იკრიბებიან და პატივს მიაგებენ ომში გმირულად დაღუპული 17 ჯარისკაცის ხსოვნას.

შინდისის გმირების მემორიალთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოლეგებთან ერთად ჩავიდა და ქართველი სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ომით გაყოფილი საზოგადოების მშვიდობიანი გზით შერიგება და თანაცხოვრება იქნება ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის ყველაზე საუკეთესო დაფასება და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნის მისაღწევად.

„პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომელბმაც სწორედ ამ ადგილებში, რუსეთის ჯართან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში დაუფიქრებლად გაწირეს თავი სამშობლოს ღირსების დასაცავად. ეს იყო თავდადების გამორჩეული მაგალითი, რომელიც მუდამ დარჩება ჩვენთვის მოუშუშებელ ტკივილად, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების, გმირების სულისკვეთებამ და თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა, უფრო მეტი შემართებით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, გაძლიერებაზე. ასევე, ომით გაყოფილი საზოგადოების მშვიდობიანი გზით შერიგებაზე და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის გამთლიანებაზე, რათა საქართველოში არცერთ ოჯახს არასდროს მოუწიოს მსგავსი ტრაგედიის გადატანა, რაც ჩვენი გმირების თითოეულმა ახლობელმა განიცადა. სწორედ ამ მიზნების წარმატებით მიღწევა იქნებოდა ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების ხსოვნის ყველაზე საუკეთესო დაფასება და ჩვენ ყველა შესაძლბელობას გამოვიყენებთ ამისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მშვიდობიან მიზნებს“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ შინდისის ბრძოლის დროს სენაკის მეორე ქვეითი ბატალიონის 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

კვირის ამბები