საზოგადოება
11.08.2020 10:56
ქართველმა ჯარისკაცებმა 12 წლის წინ სწორედ ამ ადგილას, გმირობის და ქვეყნის სიყვარულის განსაკუთრებული მაგალითი გვიჩვენეს - სიმონ გულედანი

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, სიმონ გულედანი, მოადგილეებთან ერთად სოფელ შინდისში, შინდისის გმირების მემორიალთან ჩავიდა და პატივს მიაგო გმირების ხსოვნას. სიმონ გულედანმა GMnews-სთან საუბრისას ხაზი გაუსვა სენაკის მეორე ბრიგადის სამხედრო დანაყოფის იმ სამაგალითო გმირობის ისტორიას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ გამორჩეულ ეპიზოდად იქცა.

„შინდისის გმირების მემორიალთან შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი მათ სახელს, ხსოვნას. საქართველოს შეიარაღებული ძალების სენაკის მეორე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წლის 11 აგვისტოს სწორედ ამ ადგილას, შინდისში, გმირობის და ქვეყნის სიყვარულის განსაკუთრებული მაგალითი გვიჩვენეს. სწორედ სამშობლოს სიყვარულის ამგვარ ისტორიებზე უნდა აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი შინდისში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.

2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდავცის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

კვირის ამბები