11.08.2020 10:14
შინდისის შეტაკება არის გმირობის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ - ირაკლი ღარიბაშვილი
შინდისის შეტაკება არის გმირობის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისის ბრძოლის მემორიალთან განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკო და გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
„შინდისის ბრძოლა არის მართლაც ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი თავგაწირვის და გმირობის ისტორია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი დიდების და სულების წინაშე. მათ მშობლებს კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნებით იმისთვის, რომ ასეთი გმირები აღუზარდეს და აჩუქეს ჩვენ სამშობლოს. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ. სწორედ ამ 17-მა ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა და გმირობა. მადლობას ვეუბნები მათ და ქედს ვიხრი მათი სულების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 12 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლის - შინდისის შეტაკებიდან, რომლის დროსაც 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.