კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ატენის ხეობაში კიდევ ერთ ობიექტს მიენიჭა
შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის ჩრდილოეთით მდებარე წედისის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
წედისის კომპლექსი აგებულია არაუგვიანეს X საუკუნეში. იგი შედიოდა მდინარე ტანას ხეობაში განლაგებული ციხეების სისტემაში. კომპლექსი მოიცავს ეკლესიასა და ციხეს. ციხე ტრაპეციის მსგავსია, მისი გალავანი მიჰყვება მთის ფერდს, ნაგებია ნატეხი ქვით. ციხე ძლიერ დაზიანებულია.
ციხის ცენტრში დგას ფეოდალური ხანის დარბაზული ეკლესია, რომლის კედლები წყობით ჰგავს ციხის კედლებს, მაგრამ უფრო დაუდევრად არის ნაგები.ეკლესია გადახურული ყოფილა კრამიტით.
წედისის კომპლექსთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა კიდევ რვა ისტორიულ ობიექტს: ბარაკონის დარბაზული ეკლესიის ნაშთს, წულუკიძეების კარ-მიდამოს ონში, სოსო ზვიადაურის სახლს დუშეთში, ისიდორიანთ (წმ. ნინოს) საყდარს კასპში, ცეცხლისჯვრის კომპლექსს სოფელ სეთურებში, დუშეთში, საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას სენაკში, „ძველ სკოლას“ დუშეთში და სოხუმის შუქურას.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ ბრძანებას ხელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე აწერს.