საზოგადოება
11.08.2020 10:09
დღეიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღება იწყება

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღება დღეს 10:00 საათზე დაიწყო და 14 აგვისტოს, 18:00 საათამდე გასტანს. სააპელაციო განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად განხორციელდება, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისთვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოს განაცხადი. 

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადაგზავნილი გაქვთ და გსურთ კორექტირება, ამისთვის უკვე გადაგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მიმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს (გორი, სტალინის ქუჩა, #31). გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.

ამასთან, სააპელაციო განაცხადის გაკეთება თანხის გადახდის გარეშე შეუძლებელია. ცნობისთვის, ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაგიბრუნდებათ).

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებ.გვერდიდან (ბარათით, ელექტრონულად). გასაჩივრების მსურველს, რომელიც 14 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც.

კვირის ამბები