ჯერჯერობით კვლავ არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და შესაბამისად, უკვე იქმნება საკმაოდ დიდი საფრთხე, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ინფიცირებულ ექიმთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. ტიკარაძის ინფორმაციით, სამინისტროს მხრიდან იყო მოწოდება, რომ მედიკოსებს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე არ ემუშავათ, თუმცა, ეს რეგულაცია მაინც ირღვევა.
„გვქონდა არაერთი თხოვნა, შემდეგ არაერთი მიმართვა და მოწოდება, მათთვის დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა რისკებს შეიცავდა ყოველივე. ჯერჯერობით კვლავ არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და შესაბამისად, უკვე იქმნება საკმაოდ დიდი საფრთხე. სამინისტრო მუშაობს კონკრეტულად დამატებითი რეგულაციების შექმნაზე და ჩვენ უმოკლეს ვადაში მივიღებთ ამ რეგულაციებს იმისათვის, რომ რისკი არ შეიქმნას და ექიმი პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ექიმი, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, გორში, მცხეთასა და თბილისში, ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა.