საზოგადოება
10.08.2020 16:13
ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღება 11 აგვისტოდან დაიწყება

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღება 11 აგვისტოდან დაიწყება. აპლიკანტებს მიღებული ქულების გასაჩივრებისთვის ვადა 11 აგვისტოს 10:00 საათიდან 14 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ. სააპელაციო განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად განხორციელდება, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ იმ პროცედურას, რაც აპლიკანტმა სააპელაციო განაცხადის შევსებისას უნდა გაიაროს: „შესაბამის ველში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი, სტუდენტმა კი - პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა)  კოდი; მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროს ღილაკს „შესვლა“, შემდეგ - „განაცხადის შევსება“; საგნის მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ „ყველა დავალება“; თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა. აუცილებლად გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“ 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისთვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოს განაცხადი. 

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადაგზავნილი გაქვთ და გსურთ დაამატოთ კორექტირება, ამისათვის უკვე გადაგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მიმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს (გორი, სტალინის ქუჩა, #31). გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.

ამასთან, სააპელაციო განაცხადის გაკეთება თანხის გადახდის გარეშე შეუძლებელია. ცნობისთვის, ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაგიბრუნდებათ).

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებ.გვერდიდან (ბარათით, ელექტრონულად). გასაჩივრების მსურველს, რომელიც 14 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც.

კვირის ამბები