საზოგადოება
10.08.2020 14:31
გორიდან გაგზავნილი 60 ნიმუშის პასუხს სპეციალისტები დღის ბოლომდე ელოდებიან

ეპიდემიოლოგები დღის ბოლომდე გორიდან გაგზავნილი 60 ნიმუშის პასუხს ელოდებიან. აღნიშნული ნიმუშები სპეციალისტებმა ინფიცირებულ მედდასთან და ექიმთან კავშირში მყოფი პირებისგან აიღეს, თუმცა, აღნიშნულის გარდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის, ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ეპიდკვლევა გრძელდება და შესაძლოა, ლუგარის ცენტრში, დამატებით, კიდევ სხვა პირების ნიმუშებიც გაიგზავნოს.

„ამჟამადაც, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გრძელდება ღრმა ეპიდკვლევა, გორის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში  78 მოქალაქე იმყოფება. ამ დროისთვის, 60 ნიმუშია ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი და სავარაუდოდ, პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ორი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ერთი ექიმი, მეორე კი - მედდა გახლავთ.

კვირის ამბები