კოვიდინფიცირებული ექიმის და მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ორივე მათგანს მკურნალობა გორში, ჯანდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდ კლინიკაში უტარდება, - აღნიშნულის შესახებ GMnews-თან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა, ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.
ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. რომელთაგან 19 მედდის კონტაქტია (10 ოჯახის წევრი და 9 ახლობელი) და თვითიზოლაციაში მყოფი 59 პირი კი, ინფიცირებულ ექიმთან იმყოფებოდა კონტაქტში.
„როგორც მოგეხსენებათ, გეგმიური შემოწმების შედეგად, ორი დღის წინ, კოვიდი დაუდასტრურდა სამედიცინო პერსონალს, კერძოდ ექიმს. მოხდა მისი კონტაქტების გამოკვლევა, აღებული იქნა ნიმუშები და 27 ნიმუში გადავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში, პასუხების თანახმად, 27 ნიმუშიდან ერთი დადასტურდა - ინფიცირება ერთ-ერთ მედდას დაუდასტურდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მედდის ინფიცირების წყარო ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.
როგორც ცნობილია, ინფიცირებული ექიმი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა, ამიტომ გაძლიერებულია ინფექციის კონტროლი საავადმყოფოებში, შესაბამისად, გაცემულია დამატებითი რეკომენდაციები აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებებისთვის“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.
ცნობისთვის, შიდა ქართლში, მთლიანობაში, კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული.