10.08.2020 13:41
2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია 14 საბავშვო ბაღს ჩაუტარდება
მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ 14 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება - აღნიშნილ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერები უკვე გამოაცხადა. როგორც GMnews-ისთვის გახდა ცნობილი, პროექტების ჯამური სატენდერო ღირებულება 631 829 ლარს შეადგენს, საჭირო თანხა კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„რაც შეეხება სარეაბილიტაციო ობიექტების ჩამონათვალსა და კონკრეტულ სამუშაოებს, დაგეგმილია გორის მე-5, მე-6, მე-9, მე-14 მე-16, ტყვიავის, ქიწნისის, ტირძნისის, ზეღდულეთის, ახრისის, ატენის, პატარა გარეჯვარის, ზეღდულეთისა და კარალეთის 1-ლი საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.
ქალაქში არსებული ბაღებიდან რემონტი ჩაუტარდება გორის მე-5 საბავშვო ბაღის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოსა და ჯგუფის ოთახებს, მეორეზე კი, სამრეცხაოს; მე-6 საბავშვო ბაღში სამრეცხაოს, სანიტარულ კვანძსა და დამხმარე ოთახებს; მე-9 საბავშვო ბაღის პირველ სართულს, მე-16 საბავშვო ბაღში კი, სამზარეულოებსა და ჯგუფის ოთახებს პირველ და მეორე სართულზე. მე-14 საბავშვო ბაღთან დაკავშირებით იგემება შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, კარალეთის 1-ლი, ტყვიავის, პატარა გარეჯვრის, ზეღდულეთისა და ტირძნისის საბავშვო ბაღების შენობებს. ქიწნისის საბავშვო ბაღში კეთილმოეწყობა საპირფარეშო, ახრისში - საპირფარეშო და სამზარეულო, ატენში კი, სამზარეულო, სამრეცხაო და საპირფარეშო“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.