საზოგადოება
10.08.2020 13:04
დევნილ ოჯახებს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლებს აუშენებენ - განაცხადების მიღების მესამე ეტაპი დღეიდან დაიწყო
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები, თუმცა დღემდე არ დაკმაყოფილებულან საცხოვრებელი ფართით, აღნიშნულ ნაკვეთებში სახლებს აუშენებენ.

დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი დასავლეთ საქართველოში, 22 კი შიდა ქართლის რეგიონში აშენდება. პროექტში მონაწილეობა იძულებით გადაადგილებულ იმ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ და საცხოვრებელი ფართით ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულან. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, შერჩეულ ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.
„განაცხადების მიღების მესამე ეტაპი 10 აგვისტოდან დაიწყო და 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინა ეტაპებზე მიღებული განაცხადების მონიტორინგის პროცესი უკვე მიმდინარეობს და პროექტში მონაწილე ყველა ის დევნილი ოჯახი გადამოწმდება, რომელსაც განსახლების კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული აქვს მინიმუმ 1 ქულა“, - ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები