საზოგადოება
10.08.2020 09:25
კოვიდ-19 გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებული პირი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდაა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პირი ინფიცირებული ექიმთან კონტაქტში არ ყოფილა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მედდასთან კონტაქტში მყოფი პირების დაზუსტება და ღრმა ეპიდკვლევა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ კოვიდ - 19 ექიმს დაუდასტურდა, რომელიც ერთდროულად ოთხ კლინიკაში (გორში, მცხეთასა და თბილისში) მუშაობდა.

ეპიდემიოლოგები,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ ეპიდკვლევებს, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებთან აღებულია არაერთი ნიმუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 1225 დადასტურებული შემთხვევაა.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელდა 1000 პაციენტი.

კორონავირუსული ინფექციით საქართველოში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 242 პირი.

კვირის ამბები