დღეს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მორიგ, მე–9 ტურის კალენადრულ მატჩში, ადგილობრივი ,,დილა“ თბილისის ,,ლოკომოტივს“ შეხვდება.
ამ თამაშზე, მიმდინარე სეზონში პირველად, მაყურებლის დასწრებაა შესაძლებელი. საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონებზე მაყურებლების დასწრება გასული ტურიდან დაიწყო, ოღონდ იმ პირობით, რომ ცალკეულ სტადიონზე ტრიბუნების მხოლოდ მესამედი უნდა შეივსოს.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დღეს, ,,დილა“ პირველად ატარებს საშინაო შეხვედრას და პირველად გაყიდის ბილეთებსაც (ფასი 1 ლარი), რადგან ტრიბუნებზე, ყველა გულშემატკივარს ორი სავარძლის გამოტოვებით, მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ადგილზე შეეძლებათ დაჯდომა. ამასთან, სტადიონზე შემსვლელები გაივლიან თერმოსკრინინგს.
,,დილა“ – ,,ლოკომოტივთან“ დღევანდელ მატჩში ფავორიტია, რადგან ის სატურნირო ცხრილის ლიდერი გახლავთ, ხოლო ,,ლოკომოტივი“ მე–6 პოზიციაზეა და მას შემდეგ, რაც ჩემპიონატი განახლდა არც მოუგია.
მატჩი 21 საათზე დაიწყება.