საზოგადოება
09.08.2020 13:24
ექიმი, რომელსაც კოვიდ - 19 დაუდასტურდა, ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობს გორში, მცხეთასა და თბილისში

ბოლო ორი დღის განმავლობაში, საქართველოში კოვიდ 19-ის ახალ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია.

GMnews-ის ინფორმაციით, ექიმი ერთდროულად 4 კლინიკაში მუშაობდა, მათ შორის ორ სამედიცინო დაწესებულებაში გორში (,,გორმედსა“ და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში), მცხეთის კლინიკასა და თბილისის გერმანულ ჰოსპიტალში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ დეტალურად მოხდეს ინფიცირებული ექიმის კონტაქტების დადგენა.

,,მუშაობა მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, ვატარებთ ღრმა ეპიდკვლევებს, დეტალურად ვსწავლობთ ყველა შესაძლო კონტაქტს, რომ დადგინდეს ინფიცირებულთან პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტები. კონკრეტულ ციფრებსა და სურათზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, შესწავლის პროცესში ვართ“, - აღნიშნა ეკა ქორჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა.

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1000 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 250 პირი.

კორონავირუსული ინფექციით საქართველოში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კვირის ამბები