საზოგადოება
08.08.2020 07:58
08.08.08 - რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა.

ომიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

გუშინ საღამოს, ტრადიციულად, ,,სანთლების აქცია“ გაიმართა ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის სკვერში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

დღეს, 8 აგვისტოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები გვირგვინებით შეამკობენ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალს (კომბინატის ხიდთან), „სიცოცხლის ხეს“ - ვერხვების დასახლებაში (სუხიშვილის #20-ის მიმდებარედ), საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს (დიდების მუზეუმის მიმდებარედ), „გმირების“ მემორიალს (გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ), ომში გარდაცვლილ სამხედრო და საერო პირთა მემორიალს (ობელისკი გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ).

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შიდა ქართლის ყველა ადმინისტრაციულ უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

 

კვირის ამბები