2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რომელიც თითქმის ყველა მოქალაქის მეხსიერებას შემორჩა. აგვისტოს ომში, რუსულმა ტყვიამ 224 სამოქალაქო პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და თავდაცვის სამინისტროს 170 მებრძოლი შეიწირა. ხუთდღიანი ომის დროს დაიჭრა საქართველოს 2232 მოქალაქე. ადამიანურ რესურსთან ერთად, ქართულმა სახელმწიფომ უდიდესი ზარალი განიცადა ტერიტორიების დაკარგვის კუთხითაც. 26 000 პირი კი, სკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.
ბუნებრივია, ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის საშინელება გაცილებით მძიმე ემოციებით და მოგონებებით ხვდებიან აგვისტოს დადგომას. GMnews-ი გთავაზობთ, არქივში შემონახულ ისტორიებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ჩავწერეთ.
მარია ლაცაბიძე: „ოდესმე, ვინმეს რომ ეთქვა, სახლ-კარის დატოვება მოგიწევს და საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდებიო, არ დავიჯერებდი. სიცოცხლესაც კი დავთმობდი, ოღონდ კი 30 წლის ნაშენ-ნაწვალები სახლ-კარი განადგურებისგან გადამერჩინა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა... სავსე ოჯახი მქონდა, რას წარმოვიდგენდი, თუ 90-ანი წლების შემდეგ, ჩვენსა და ოსურ მხარეს შორის სიტუაცია ისევ საომარი მდგომარეობით შეიცვლებოდა, მიუხედავად ოცი წლის წინანდელი დაპირისპირებისა, სოფელში გვყავდა ოსი ეროვნების მეზობლები, რომლებთანაც ცუდი დამოკიდებულება არასოდეს გვქონია. გაუსაძლისი მდგომარეობა სოფელში 2008 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში შეიქმნა. გაუთავებელმა სროლებმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, მაგრამ სოფლის დატოვებას მაინც არ ვფიქრობდით. 7-8 აგვისტოს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა და ჩვენც მივხვდით, რომ სოფელში დარჩენა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ იქიდან ცოცხლად გამოღწევის შანსიც თითქმის არ იყო, სოფელში უკვე რუსი სამხედრო დანაყოფები და ოსური შეიარაღებული ბანდ-ფორმირებები დათარეშობდნენ. მოულოდნელად შველა იმათგან მივიღეთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველოდით. ჩვენი მეზობელი სვეტას ოსმა მეუღლემ ომის ცეცხლსა და ტყვიას საკუთარი მანქანით გამოგვარიდა და შედარებით უსაფრთხო მანძილზე ჩამოგვსვა, კეთილად გევლოთო, - მოგვაძახა და უკან გაბრუნდა.
დღემდე უკან დაბრუნების ოცნება მკლავს. მინდა, მამა-პაპეული სალოცავები თუნდაც მხოლოდ ერთხელ მოვილოცო და ჩვენს გადამრჩენელს მადლობა ვუთხრა“.