საზოგადოება
07.08.2020 10:37
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - რა ღონისძიებებს გეგმავს გორის მერია
რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერია, დღეს საღამოს ტრადიციულად, სანთლების აქციას გეგმავს.
„დღეს საღამოს, 20:00 საათისთვის, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის სკვერში, ტრადიციულად მოეწყობა სანთლების აქცია (კომბინატის ხიდთან). გარდა იმისა, რომ ღონისძებაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და მიწვეული სტუმრები შეიკრიბებიან, საზოგადოების წარმომადგენლებს თავისუფლად შეეძლებათ აქტივობაში ჩართვა. მოგიწოდებთ ყველას, ვინც თვლით, რომ ამ ღონისძებაში უნდა ჩაერთოთ - ერთად მივაგოთ პატივი გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეები“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გორის მერიის ცნობით, გარკვეული ღონისძიებებია დაგეგმილი ხვალ, 8 აგვისტოს - 11:00 საათიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები გვირგვინებით შეამკობენ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალს (კომბინატის ხიდთან), „სიცოცხლის ხეს“ (სუხიშვილის #20-ის მიმდებარედ), საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს (დიდების მუზეუმის მიმდებარედ), „გმირების“ მემორიალს (გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ), ომში გარდაცვლილ სამხედრო და საერო პირთა მემორიალს (ობელისკი გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ).
კვირის ამბები