საზოგადოება
06.08.2020 22:30
ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მოზარდის მშობლებმა რეგისტრაცია სპეციალურ ვებ.გვერდზე უნდა გაიარონ. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება სპეციალური პორტალი, სადაც აღსაზრდელთა მშობლები რეგისტრაციას შეძლებენ.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, რეეგისტრაცია 15 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი. ამასთან, მინისტრის თქმით, თუ მშობელი განაცხადს არ შეავსებს, ეს დასტური იქნება იმისა, რომ კომპენსაციის მიღებაზე უარს ამბობს.

„ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებშიც მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებ.გვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ განხორციელდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ, 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა განხორციელდება, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა.

თუ მშობელი განაცხადს არ შეავსებს, ამით ის უდასტურებს მთავრობას, რომ კომპენსაციაზე უარს აცხადებს, ამიტომ რეგისტრაცია სავალდებულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვების რეგისტრაციის სრული მონაცემები და ბაზა გვაქვს, მთავრობას ესაჭიროება კონკრეტული მონაცემები. დარეგისტრირება საკმაოდ მარტივი იქნება. ამისთვის მხოლოდ ბავშვისა და მშობლის მონაცემები და საბანკო რეკვიზიტებია საჭირო“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლამდე ბავშვს, ერთჯერადად 200-ლარიანი დამხარება გადასცეს.
კვირის ამბები