შიდა ქართლში საცხოვრებელი ფართი 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა. იძულებით გადაადგილებული პირები, ბინებს, გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.
GMnews-ის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადები აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა რამდენიმე თვის წინ შეავსეს.
„დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები, ადგილზე შეისწავლიან ყველა იმ დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 2.5 ქულა. მონიტორინგის პროცესის დასრულების შემდეგ კი, ბინებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებს“, - აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.
ცნობისთვის, 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.