საზოგადოება
06.08.2020 11:48
თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ - პრემიერი

ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარების მიღების თხოვნით მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს, - შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა თვითდასაქმებულს, ვისაც პანდემიის გამო პრობლემები შეექმნა, დახმარება სექტემბრამდე ჩაერიცხება და ამით დასრულდება თვითდასაქმებულა დახმარების პროგრამა.

„სანამ დავიწყებდეთ მოქალაქეების კრიზისში დახმარების სოციალური პროგრამის მესამე ეტაპს, მინდა გარდამავალი კომპონენტი დღესვე დავხუროთ და ეს პროგრამა დავასრულოთ. ეს გახლავთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა. ეს პროგრამა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და მთავრობას საქართველოს 250 000-მა მოქალაქემ მომართა თხოვნით ერთჯერად 300-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით. ეს დახმარება 170 000-მა მოქალაქემ მიიღო, ვისაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული, თუმცა, სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ, გადავწყვიტეთ ყველა იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით, თხოვნა დაუკმაყოფილდეს და დაერიცხოს ეს ერთჯერადი 300 ლარი. ამით ეს პროგრამა დასრულდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები