გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 10 აგვისტომდე გაგრძელდება. როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, სასწავლებელმა აკრედიტაცია წარმატებით გაიარა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება, ისწავლონ და გახდნენ პროფესიონალები.
GMnews-ის ინფორმაციით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი აპლიკანტებს, ცხრა სახის სასწავლო პროგრამის არჩევანს სთავაზობს.
დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების მიღება შემდეგი მიმართულებებით შეუძლიათ: საექთნო განათლება - ხანგრძლივობა 3 წელი; ფარმაცია (სააფთიაქო) - ხანგრძლივობა 2 წელი; აღმზრდელი - ხანგრძლივობა 2 წელი; საფინანსო სერვისები - ხანგრძლივობა 1 წელი; კომპიუტერული ქსელი და სისტემები - ხანგრძლივობა წელიწადნახევარი; აზომვით ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება - ხანგრძლივობა წელიწადნახევარი; სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა - ხანგრძლივობა 1 წელი; საბიბლიოთეკო საქმე - ხანგრძლივობა წელიწადნახევარი; რძის პროდუქტების წარმოება - ხანგრძლივობა 2 წელი. რეგისტრაციისთვის, მსურველებმა უნდა მიმართონ პროფესიული განათლების ცენტრს, ან დარეკონ ნომერზე: 27 92 16, 599 16 99 95, ან თავად დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე vet.emis.ge
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში, სტუდენტები სახელმწიფოს დაფინანსებით დაეუფლებიან სასურველ პროფესიას. ამასთან, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს ჩარიცხულ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევაც გადაუვადდებათ.