საზოგადოება
06.08.2020 10:27
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნებას. ცენტრის ვებ.გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განთავსდა პირველადი შედეგები გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში. 

შეგახსენებთ, რომ საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებ.გვერდზე  online.naec.ge, შესაბამის ველში კი, მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი. ამასთან,

პირად გვერდზე აპლიკანტს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

გამოცდაზე მიღებული ქულების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.

კვირის ამბები