საზოგადოება
05.08.2020 12:25
ბოლო 24 საათში დადასრუტებული კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან, 6 აჭარაში გამოვლინდა - რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან ზღვაზე დამსვენებლებმა

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დადასრუტებული კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან, 6 აჭარაში გამოვლინდა. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ტურისტული სეზონის ბუმია და დამსვენებლები ზღვის სანაპიროზე საკმაოდ მრავლად არიან, ან შვებულების გატარებას სწორედ ზღვაზე გეგმავენ, Gmnews გთავაზობთ იმ რეკომენდაციების ნუსხას, რომელსაც დაავადებათ აკონტროლისა ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზღვის სანაპიროზე დასვენების მოყვარულებს გარკვეულ რჩევებს აძლევს და აღნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კონკრეტულ რეკომენდაციებზე მუშაობს. ერთ-ერთი რეგულაცია, რომლის დაცვაც გამქირავებლებს ევალებათ, შეზლონგებზე ერთჯერადი ქაღალდის გადასაფარებლის გამოყენება და ყოველი მოხმარების შემდეგ, შეზლონგის სველი წესით დამუშავებაა, თუმცა, ამირან გამყრელიძე დამსვენებლებს ურჩევს, შეზლონგი გამოყენებამდე თავადაც გაწმინდონ.

„კორონავირუსის წყლით გადადება არ ხდება, იქ საფრთხილოა ზედაპირები, მათ შორის შეზლონგები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ინფიცირებულმა ადამიანმა. შეზლონგები ხმარების შემდეგ კარგად, სველი წესით უნდა დამუშავდეს. ამასთან, გამოყენებული უნდა იქნას ერთჯერადი ქაღალდის გადასაფარებელი. თუ კოვიდიინფიცირებულმა მოქალაქემ დააცემინა ან დაახველა შეზლონგზე, წვეთი პლასტმასის ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს რჩება, ამიტომ რეკომენდირებულია ისინი გაიწმინდოს და დეზინფექცია გაუკეთდეს ყოველი გამოყენების წინ. რაც შეეხება ქვიშიან სანაპიროებს, თუ ინფიცირებული მოქალაქე გადაადგილდება ქვიშაზე, ის არაა საფრთხის შემცვლელი. არც იმ შემთხვევაში, თუ იმავე ადგილზე, სადაც კოვიდიანი მოქალაქე იწვა, 5, 10 და 60 წუთში არავინ დაწვება. არ არის პრობლემა, მზის სხივი სერიოზულად მოქმედებს ვირუსზე,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ფიზიკური დისტანცია ზღვის სანაპიროზეც დაიცვან. ამასთანავე, ქვეყანაში მოქმედი სხვა შეზღუდვები, ბუნებრივია, ვრცელდება ზღვის ნაპირზეც. მაგალითისთვის დაცული უნდა იყოს დისტანცია რესტორნებსა და ღია კაფეებში მაგიდებს შორის, მაგიდებთან ადამიანების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს დადგენილ ნორმას და ა.შ.

კვირის ამბები