საზოგადოება
04.08.2020 14:42
ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა ოქტომბერში დასრულდება
ტინისხიდში მცხოვრები 600-მდე ოჯახი სასმელ წყალს მალე ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებს. სასმელი წყლის ახალი სისტემების მონტაჟი სოფელში აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დღეს მოინახულა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 739 589 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოები კი, ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
„უნდა აღინიშნოს რომ ზემოხსენებულ სოფელში მცხოვრებ 60 -მდე ოჯახს ინდივიდუალური ონკანი 40 წელზე მეტია არ ქონია. მათ შორის 170-მდე ოჯახი 10 წელია საუბნო ონკანებით სარგებლობს და სასმელ წყალს დღეგამოშვებით, მხოლოდ ერთი საათით იღებენ. ადგილობრივების ნაწილი ჭებით სარგებლობს, ნაწილი კი, სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან და გორიდან ეზიდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, ტინისხიდელებს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
GMnews-ის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოეწყობა წყალსადენის ახალი სისტემა და თითოეულ ოჯახს ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდება.
კვირის ამბები