დღეს საღამოს გამოქვეყნდება აბიტურიენტების გამოცდების ორი საგნის შედეგები, - აღნიშნულის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბათუმში ერთ ერთ საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდის პროცესის გაცნობის შემდეგ განაცხადა.
„მიმდინარეობს აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება და დღეს საღამოს, სავარაუდოდ 4-5 საათის შემდეგ, უნდა გამოვაქვეყნოთ აბიტურიენტების ნაშრომები და მათი შედეგები მათემატიკასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. აბიტურიენტები უნდა შევიდნენ თავიანთ პირად გვერდზე და შეიტანონ პირადი მონაცემები იმისათვის, რომ გაიგონ საკუთარი შედეგი. ასევე, 93333 კოდი იქნება ჯეოსელისა და მაგთის აბონენტებისთვის, რომ შედეგი გაიგონ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. ნაშრომები სხვადასხვა საგნებში ეტაპობრივად გამოქვეყნდება ანუ დღეს საღამოს დავიწყებთ და ყველა სამუშაო დღეს ვეცდებით, ახალი საგნის შედეგი დავდოთ. ვფიქრობთ, რომ შემდეგ კვირაში, სავარაუდოდ ორშაბათს, ან სამშაბათს დასრულდება ეს პროცესი და ამის შემდეგ აბიტურიენტებს შეეძლებათ შემოიტანონ განაცხადი აპელაციაზე თუ ჩათვლიან, რომ ამის საჭიროება არსებობს“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.