გორში, ჩოჩიშვილის ქუჩაზე განთავსებული დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების, განვითარების დარღვევის ან მსგავსი რისკის მქონე 0-7 წლამდე ასაკის ბავშვებს მოემსახურება. ახალ ცენტრში, ბენეფიციარები ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ კომპლექსურ მომსახურებას მიიღებენ. საზოგადოება „ბილიკის“ ხელმძღანელის, მარიკა მღებრიშვილის თქმით, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში, დასაწყისისთვის, პატარებთან ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ადრეული განვითარების ინტერვენციონისტი და სპეც-პედაგოგი იმუშავებენ. მოგვიანებით კი, მულტიდისციპლინარულ გუნდს მეტყველების თერაპევტი და ლოგოპედიც შეუერთდება.
ადრეული ინტერვენციის პროგრამა, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას წარმოადგენს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა დამტკიცებული. აღნიშნული ცენტრისთვის ფართი უზურფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოება ,,ბილიკს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა. შიდა სარემონტო სამუშაოები კი, ორგანიზაცია „ADRA საქართველომ“ შეასრულა. პროექტი პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.