გიგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს ხვალიდან დატოვებს, გუბერნატორის მოვალეობას კი მისი ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს. აღნიშნულის შესახებ მხარის რწმუნებულმა ორწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩემთვის უდიდესი პატივი იყო იმ რეგიონში მუშაობა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან, იმ ორგანიზაციებთან, პარტნიორებთან, სხვადასხვა კომფენსიის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ბიზნესსექტორთან მქონოდა შემაჯამებელი შეხვედრა და მათთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელიც შიდა ქართლში განხორციელდა. დამეთანხმებით, ციფრები და შედეგები მართლაც შთამბეჭდავია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამ პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს. რა თქმა უნდა, რეგიონში რჩება გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება აუცილებლად გაუმკლავდება, მაგრამ ამჯერად, ჩემს მაგივრად ამ პოზიციაზე სხვა ადამიანი იქნება. ხვალიდან ვტოვებ ამ საპატიო პოსტს, იმისთვის, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზადება დავიწყო. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ჩემი ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის რწმუნებულის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. შეგახსენებთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა.