შიდა ქართლში ტურიზმის განვითარება პრიორიტეტულია, - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
ტურისტული ინფრასტრუქტურა, აგრო ტურიზმი, ტურისტული პროდუქტები და სერვისები, ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, ტურისტული ცენტრების მშენებლობა - გიგი ხოჯევანიშვილმა ყურადღება ამ და სხვა დეტალებზე გაამახვილა.
„უკვე დასრულდა დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ლომოურისა და გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმების რეაბილიტაცია. ამ დროისთვის მიმდინარეობს გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია, ხოლო ახლო მომავალში იგეგმება ივანე ჯავახიშვილისა და ლესია-უკრაინკას სახლ-მუზეუმების რეაბილიტაციაც. რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ისტორიული ძეგლების აღდგენას. გასული ორი წლის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, 64 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა, მიმდინარეობს 8 პროექტი და იგეგმება 5.
აქედან, განსაკუთრებულად მინდა გამოვყო: გორის ციხის არქეოლოგიური გათხრები და რეაბილიტაცია; სურამის ციხის არქეოლოგიური გათხრები და კონსერვაცია; ახალქალაქის ციხე-კოშკის რეაბილიტაცია და რეკრეაციული ზონის მოწყობა; ატენის სიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; სხვილოს ციხის არქეოლოგიური სამუშაოები და ქარელში, ისტორიული აბანოს რეაბილიტაცია“, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა.
გუბერნატორმა ყურადღება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ატენისა და რკონის ხეობებს დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭებათ.