საზოგადოება
31.07.2020 20:52
დევნილთა პირობების გაუმჯობესება და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია - გიგი ხოჯევანიშვილი

დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ პირთა ხელშეწყობა იყო ერთ-ერთი თემა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულმა ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას გამოკვეთა. როგორც გიგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს დევნილები მიწის გადასახადისგან გათავისუფლდნენ, ხოლო საოკუპაციო ხაზთან მდებარე რამდენიმე სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა.

„კვლავ გრძელდება დევნილი მოქალაქეებისა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც წელს, ჩვენს რეგიონში ათეულობით დევნილი ოჯახი განსახლდება. მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ასევე, მიმდინარეობს სასათბურე მეურნეობების მოწყობის სახელმწიფო პროგრამაც. უკვე დასრულდა დევნილთა დასახლებებში შიდა გზების ასფალტირება და კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში სკვერის მოწყობის სამუშაოები. ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში ახალაშენებული კორპუსების მიმდებარედ დაგეგმილია საბავშვო ბაღის მშენებლობა. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ პირთა ხელშეწყობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, 34 სოფელში მოეწყო და მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების მოწყობა 22 სოფელში. 6 სოფელში დაგეგმილია საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ხოლო ერგნეთსა და მეჯვრისხევში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება“, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

გიგი ხოჯევანიშვილმა ყურადღება საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეგიონში 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, ხოლო რამდენიმე სოფელში ახალი სკოლები აშენდება. ახალი სასწავლო წლისთვის კი, 13 მინი სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება.

კვირის ამბები