შიდა ქართლის გუბერნატორმა რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ხაზგასმით ისაუბრა. სახელმწიფო რწმუნებულმა, საზოგადოებას 2018 წლიდან დღემდე, ოთხივე მუნიციპალიტეტში გახარჯული თანხებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გასული ორი წლის განმავლობაში, 30 700 000 ლარის ღირებულების 238 პროექტი განხორციელდა, 11 400 000 ლარი გაიხარჯა კასპში შესრულებულ 93 პროექტზე. რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტს, 149 ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებისთვის 14 100 000 ლარი გამოიყო, ხაშურის მუნიციპალიტეტში კი, 13 500 000 ლარის ღირებულების 102 პროექტი შესრულდა. ასევე, 2018-2020 წლებში რეგიონის 32 სოფელი გაზიფიცირდა და ამ ეტაპზე, სამუშაოები 12 სოფელში მიმდინარეობს“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.
სახელმწიფო რწმუნებულმა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე გაამახვილა ყურადღება და დაგეგმილი სამუშაოების შესახებაც ისაუბრა. „უკვე გადაწყვეტილია, რომ 2021 წლიდან ხაშურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყება, უკვე მიმდინარეობს ხიდისთავი-ატენი-ბოშურის, ასევე, ძამას ხეობაში შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, კასპში ტექნო-პარკისა და პროფესიული სასწავლებლის მშენებლობაა, გორელების გასახარად ვიტყვი, რომ მალე დაიწყება ახალბაღის რეაბილიტაციაც“, - აღნიშნა რწმუნებულმა.