საზოგადოება
31.07.2020 20:00
შიდა ქართლის გუბერნატორმა ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენა პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციით დაიწყო

შიდა ქართლის გუბერნატორმა ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენა პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციით დაიწყო.

გიგი ხოჯევანიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც კოვიდინფექციასთან ბრძოლის ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული და აღნიშნა, რომ მიღებული შედეგი კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

„კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან უმოკლედ დროში შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომელიც რეგიონში ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა, ასევე მოქმედებდა ცხელი ხაზი, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ ნებისმიერ დროს დაერეკათ. აქვე აღვნიშნავ, რომ უწყევტ რეჟიმში მიმდინარეობდა სადეზინფექციო ღონისძიებები. შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდა 127 საბავშვო ბაღს, 154  საჯარო სკოლას, ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს. ასევე, ჩამოყალიბდა მოხალისეთა ჯგუფები, რომელთაც მარტოხელა და გადაადგილების პრობლემის მქონე მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების შინ მიჰქონდათ, ასეთი გახლდათ 22000 ოჯახი, რომელთაც საერთაშორისო, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სასწავლო პროცესის მიუხედავად, რეგიონის საბავშვო ბაღების 10 731 აღსაზრდელის ოჯახს საკვები პროდუქტები რამდენიმე ეტაპად გადაეცათ. ამ ეტაპზე კი, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რეგიონში მოქმედი ყველა აგრარული ბაზარი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ფუნქციონირებს“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ეზოში ამ წუთებში წარადგენს. პრეზენტაციას,  ესწრებიან სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები და იმ სააგენტოებისა და ფონდების ხელმძღვანელები, რომელთა ფინანსური მხარდაჭერითაც ჩვენს რეგიონში სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებიან შიდა ქართლში მოქმედი ეპარქიების მმართველები, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

კვირის ამბები