ნახევარ წელზე მეტია, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. მუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირების 17 312 025 შემთხვევაა დაფიქსირებული და ვირუსმა თითქმის ყველა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოიწვია, იტალიაში არსებობს კუნძული, სადაც ეს ვირუსული ინფექცია არ დადასტურებულა.
იტალიაში, კუნძულ ჯილიოს 800 მაცხოვრებლიდან კორონავირუსით ამ დრომდე არავინ დაინფიცირებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას fox news ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, მეცნიერები ამ ფაქტის ახსნას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რადგან კუნძულის მოსახლეობა ჩვეულებრივ კონტაქტობს პორტის თანამშრომლებთან. კუნძულზე მხოლოდ ერთი ექიმია, რომელიც ამბობს, რომ კუნძულზე სხვა ინფექციური დაავადებები დაფიქსირდა, თუმცა კორონავირუსი - არა.
ამასთან, როგორც ცნობილია, კუნძულ ჯილიოზე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ჩასვლის ფაქტი დადასტურდა. კერძოდ, კუნძულზე თებერვალში კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის კაცი ჩავიდა, ახლობლის დაკრძალვას დაესწრო და როდესაც ქალაქში დაბრუნდა COVID19-ით გარდაიცვალა.
რამდენიმე კვირის წინ, კუნძულზე, COVID19-ით ინფიცირებული კიდევ სამი სტუმარი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გერმანიის მოქალაქე გახლდათ, ცნობილია ისიც, რომ იგი კუნძულის მოსახლეობასთან ურთიერთობდა, დაბრუნებიდან სამი დღის შემდეგ კი, კორონავირუსი დაუდასტურდა.
კუნძულ ჯილიოზე მცხოვრები 800 ადამიანიდან ტესტის ჩატარებას 723 ადამიანი დათანხმდა. წინასწარი კვლევების მიხედვით, ანტისხეულები მხოლოდ ერთ ადამიანს აღმოაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეცნიერები გეგმავენ გაფართოებული კვლევა ჩაატარონ იმის დასადგენად, თუ რატომ არ ინფიცირდებიან კუნძულის მცხოვრებლები COVID19-ით.