კონფლიქტები
30.07.2020 19:51
პროცესი არის რთული და შრომატევადი - ირაკლი ანთაძე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში,  ერგნეთში, 11 თვიანი პაუზის შემდეგ გამართული რიგით 96-ე შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური ტეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტზე იმსჯელეს, რაც ბოლო 11 თვის მანძილზე დაგროვდა.

,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რაც დაგროვდა ბოლო 11 თვის მანძილზე. რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხზე. მოგეხსენებათ, პირველივე დღიდან ჩვენ მოვითხოვეთ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლება, აღნიშნული გაჟღერდა ამ შეხვედრაზეც, გაჟღერდა პრინციპულად. ასევე, გაჟღერდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლება და საკუთარ ოჯახებში რაც შეიძლება მალე დაბრუნების აუცილებლობა. ასევე, ვიმსჯელეთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, სხვა ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში. ასევე, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მთ შორის, რა თქმა უნდა ახალგორშიც. საუბარი შეეხო ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებსაც, რაც გახლავთ ჩვენი დღის წესრიგის მუდმივი შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური ტეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მოითხოვეს დაკავების ფაქტებსა და უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

,,ჩვენ მოვითხოვეთ დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, პასუხები რაც მივიღეთ, უკვე გაჟღერებული ჰქონდათ და ახალი არაფერი დაუმატებიათ. როგორც ზაზა გახელაძის, ასევე ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის საკითხზე ჩვენი მოთხოვნა არის, რომ მოხდეს მათი უპირობო გათავისუფლება. კონსულტაციები გაგრძელდება შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება სექტემბერში, რაც შეეხება ზაზა გახელაძის მდგომარეობას, მივიღეთ ინფორმაცია, რომ უტარდება გეგმიური სამედიცინო მომსახურება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა ანთაძემ.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო ჩორჩანას მიმდებარედ არსებული ვითარება, თუმცა, აღნიშნული საკითხი არ განხილულა უკანონოდ დაკავებულ პირებთან კავშირში.

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის, ჩარჩანას თემა კვლავ იყო განხილვის საგანი და დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი მთავარი საკითხი, თუმცა, ეს არ ყოფილა დაკავშირებული უკანონოდ დაკავებული პატიმრების საკითხთან, ჩვენ უკანონო პატიმრების საკითხი განვიხილეთ ცალკე და როგორც მოგახსენეთ, ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება, პროცესი არის რთული და შრომატევადი და თუ გადავავლებთ თვალს უკანონო დაკავების ყველა ფაქტს, რაც კი მომხდარა, ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, რომელთა მონაწილეობის ხარისხი არის ძალიან მაღალ ნიშნულზე ამ თემაზე, ასევე, ამაში ძალზე დიდ როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიც, რისი მაგალითიც არის ბოლო ფაქტი, როდესაც ჩვენი სამი თანამოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს - ვგულისხმობ აფხაზეთის მიმართულებას და ესეც გახლდათ ძალიან შრომატევადი პროცესი“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

 

კვირის ამბები