ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 96-ე შეხვედრა ერგნეთში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მხარეები თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ წინა შეხვედრიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, დღევანდელი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ძალიან მოცულობითია, მთავარი აქცენტი კი უსაფრთხოების მიმართულებით გაკეთდება.
„11 თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს შედგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 96-ე შეხვედრა. მოგეხსენებათ რა ფონზე გვიწევს ამ შეხვედრის ჩატარება, როდესაც ჩვენი სამი თანამოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში. შეხვედრაზე დადგება საკითხი აღნიშნული პირების უპირობო გათავისუფლების შესახებ, რათა ისინი დროულად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, დაეთმობა გასული შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინცინდენტს, რაც აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. ამასთან, მოგეხსენებათ, ხდება ხელოვნური შეზღუდვების დაწესება, ვგულისხმობ თავისუფალი გადაადგილების კუთხით დაწესებულ უკანონო შეზღუდვებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. იქიდან გამომდინარე, რომ წინა შეხვედრიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, დღევანდელი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ძალიან მოცულობითია და ყველა საკითხი იქნება განხილული“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ანთაძემ.
შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული რიგით 95-ე შეხვედრა ერგნეთში 2019 წლის 29 აგვისტოს გაიმართა, რის შემდეგაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ამ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი, ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე საპოლიციო პოსტის მოწყობა დაასახელა და აღნიშნული საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვა.