საზოგადოება
16.10.2019 14:45
სკოლებში შესაძლოა დამატებითი არდადეგები დაწესდეს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება სასწავლო წლის ნებისმიერ დროს დანიშნოს წინასწარ განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები. ამ დროისთვის უცნობია, როდის ისარგებლებს მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნული უფლებით, თუმცა, რეგულაცია უკვე ამოქმედდა.

მინისტრის ბრძანების თანახმად, ამ ეტაპზე სასწავლო წლის დაწყების, დასრულების და არდადეგების თარიღები ასეა განსაზღვრული:

სასწავლო წლის დაწყების თარიღია 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღი – 15 ივნისი (იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განსაზღვრულია 15 ივნისის წინა პარასკევი). რაც შეეხება პირველი კლასის მოსწავლეებს, მათთვის სასწავლო წელი 27 მაისს სრულდება, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის კი - 20 მაისს.

ზამთრის არდადეგები განსაზღვრულია 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე.

საგაზაფხულო არდადეგები განსაზღვრულია 8 მარტიდან 15 მარტამდე.

ზაფხულის არდადეგები განსაზღვრულია 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.

ახალი ცვლილების თანახმად, მინისტრს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება არდადეგები სხვა პერიოდშიც დააწესოს.

კვირის ამბები