კონფლიქტები
29.07.2020 16:41
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრების აღდგენა ხვალიდან იგეგმება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრების აღდგენა ხვალიდან, 30 ივლისიდან იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავრშირის სადამკვირვებლო მისიის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
ინფორმაციის თანახმად, ერგნეთის ფორმატის აღდგენას წინ უძღვოდა ინტენსიური კონსულტაციები.

,,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი რუდოლფ მიხალკა ხაზს უსვამენ დიალოგის მნიშვნელობას დაძაბულობის შესამცირებლად და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისთვის.

გასული კვირების განმავლობაში, თანათავმჯდომარეებმა გამართეს ინტენსიური კონსულტაციები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფორმატის განახლებისათვის შესაძლებლობის გამონახვისთვის.

ამ კონტექსტში, თანათავმჯდომარეები მიესალმებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს, ამ ფორმატში დიალოგის განახლების სურვილის შესახებ. ისინი ასევე აღნიშნავენ მონაწილეთა მიერ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვადი ცხელი ხაზის აქტიურ გამოყენებას.

აქედან გამომდინარე, თანათავმჯდომარეებმა დაიწყეს მზადება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 96-ე შეხვედრის 30 ივლისს ჩასატარებლად”, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  ფორმატით გათვალისწინებული რიგით 95-ე შეხვედრა ერგნეთში 2019 წლის 29 აგვისტოს გაიმართა, რის შემდეგაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ამ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი, ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე საპოლიციო პოსტის მოწყობა დაასახელა და აღნიშნული საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვა.

კვირის ამბები