29.07.2020 16:04
მასწავლებლობა დიდი პასუხისმგებლობაა - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გორელი კონკურსანტი მარინე ვართუმაშვილი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსანტების საუკეთესო ათეულში ერთ-ერთი გორელი პედაგოგი მარინე ვართუმაშვილია. კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პედაგოგები მიმდინარე წლის ივნისში დასახელდნენ. შერჩეული ათეულიდან ერთ-ერთი მათგანი კი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. ქვეყნის მასშტაბით გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი, რომელსაც GMnews-ი უკეთ გაგაცნობთ, გორის მე-12 საჯარო სკოლაში ასწავლის. გეოგრაფიის საგნის მნიშვნელობის წარმოჩენისას, აღიარებული პედაგოგი ისეთ აქტივობებს იყენებს, რომლებიც პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას ეხება და რადგანაც, დღესდღეობით, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება მნიშვნელოვანია, ცდილობს, ამ მიზნების მიმართ ცნობიერების ამაღლების კუთხით შესაბამისი აქტოვობები შესთავაზოს მოსწავლეებს. „დავიბადე მასწავლებლების ოჯახში. დედა და მამა ფიზიკა-მათემატკის პედაგოგები არიან, პაპა ისტორიკოსი და თან სკოლის დირექტორი იყო, ბებია - გეოგრაფიის მასწავლებელი. მახსოვს, ბებია როგორი სიამაყით საუბრობდა თავის მოსწავლეებზე, ძალიან უყვარდათ მოსწავლეებსაც, ჩემი მასწავლებელიც იყო და სულ მას ვბაძავდი, როცა ბავშვობაში მასწავლებლობანას ვთამაშობდი. საბავშვო ბაღშიც კი, თამაშისას, ბავშვები ყოველთვის მე მირჩევდნენ მასწავლებლად, თითქოს ეს უნარი ბავშობიდანვე მქონდა. აქედან გამომდინარე ჩამომიყალიბდა ჩემი პროფესიული ორიენტაცია და დღეს უკვე შემდგარი მასწავლებელი ვარ. არასოდეს მინანია ჩემი პროფესია, მიყვარს, ყოველდღე მიმიხარია სკოლაში, თუმცა, საკმაოდ რთული გზა გავიარე. ჩემი საგანმანათლებლო პერიოდი 90-იანებს დაემთხვა და ჯერ სკოლაში იდგა რთული პერიოდიმ შემდეგ კი უმაღლესში სწავლისას. სანთლის შუქზე მომზადებული გაკვეთილები ეხლაც კარგად მახსოვს. მახსოვს, დილის 6-საათზე, ბებოს სანთლის სინათლე ფანჯრებშიც, როგორ წერდა გაკვეთილის გეგმას რვეულებში, რომლებიც დღემდე შენახული მაქვს. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი და თანაც - გეოგრაფიის“, - გვითხრა მარინე ვართუმაშვილმა. როგორც მარინე ვართუმაშვილი ამბობს მასწავლებლობა დიდი პასუხისმგებლობაა, ემსახურო მომავალი თაობის აღზრდას და ასწავლო როგორც საგნობრივი დისციპლინა, ისე ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და პრინციპები, რომ პიროვნებამ 21-ე საუკუნეში შეძლოს ღირსეული ადგილის დამკვიდრება, ადვილი არ არის. ამასთან, თვლის, რომ ნებისმიერი მოსწავლე, მიუხედავად მისი პროფესიული არჩევანისა, უნდა იყოს გარემოს კარგი დამცველი, ამისთვის კი, პედაგოგმა სკოლაში შექმნა საკლუბო სივრცე და ჩამოაყალიბა კლუბი „ეკომეგობრები“, რომელიც გორში გარემოსდაცვითი პრექტებით გამორჩეულია. სწავლების პროცესში უხდება სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, მისი მოსწავლეები იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსში, იღებენ ვიდეოფილმებს, მონაწილეობენ ოლომპიადებში, ქმნიან გარემოსდცავითი შინაარსის ნახატებს, მუშაობენ ხვადასხვა გრანტების მოძიებაზე და იუმჯობესებენ აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.