კორონავირუსის პანდემიის გამო, გასული 6 თვის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცეოდა ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამას, თუმცა, მშობელთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებდა მცირეწლოვანი შვილების პოლიკლინიკაში მიყვანისა და გეგმიური აცრის ჩატარებისგან.
მედიკოსები მშობლებს გამუდმებით მოუწოდებენ ბავშვებისთვის გეგმიური აცრების ჩატარებისკენ ისეთი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა წითელა, წითურა, დიფტერია და ა.შ.
GMnews დაინტერესდა შეიცვალა თუ არა გორში მდგომარეობა ამ მხრივ და როგორია იმუნიზაციის კაბინეტში მიმართვიანობა. „გორმედის“ პოლიკლინიკური დეპარტამენტის იმუნიზაციის კაბინეტის ექიმ-პედიატრის ნანა განჯელაშვილის თქმით, იმუნიზაციის კაბინეტში აცრის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად არ შეცვლილა.
„გორმედის პოლიკლინიკის იმუნიზაციის კაბინეტში აცრის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად არ შეცვლილა. მშობლების გარკვეული ნაწილი, პანდემიის პირობებში, თავს იკავებდა სხვადასხვა ინფექციური სნეულებების საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან, თუმცა, მეორე ნაწილს გეგმიურ აცრებზე პატარები არსებული გრაფიკის მიხედვით მოყავდა. ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას, რომ გორში რეგისტრირებული ბევრი ბავშვი ასაცრელია, და მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს გეგმიური ვაქცინაციის ჩატარება (წითელასა და სხვა ინფექციურს სნეულებებზე)“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორმედის პოლიკლინიკური დეპარტამენტის იმუნიზაციის კაბინეტის ექიმ-პედიატრმა ნანა განჯელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გეგმიური აცრები ბავშვის დაბადებისთანავე იწყება და 14 წლის ასაკში სრულდება.