სხეულის სხვადასხვა ზონიდან არასასურველი თმის მოცილება ქალებისთვის (არა მხოლოდ ქალებისთვის) საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში უმტკივნეულო ეპილაციის არაერთი მეთოდი არსებობს, ზოგიერთისთვის ესთეტიკურ ცენტრებსა და სილამაზის სალონში პროცედურის ჩატარება მაინც სირთულეს წარმოადგენს.
თუ არასასურველი თმის მოცილება გინდათ და ამისთვის საჭირო ფინანსურ ხარჯს ერიდებით, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა - GMnews გთავაზობთ შუგარინგის პასტის მომზადების რეცეპტს, რომელიც ბევრი ქალისთვის (და ასევე, მამაკაცებისთვისაც) შეუცვლელი გახდა, თანაც, მინიმალური ინგრედიენტების გამოყენებით, სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ, სალონური ეფექტი მიიღოთ.
10 სუფრის კოვზი შაქარი და ნახევარი ლიმონის (საშუალო ზომის ლიმონი) წვენი მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში, დაასხით 1 სუფრის კოვზი წყალი და დადგით დაბალ ცეხლზე. მასას უნდა ურიოთ შეუჩერებლად, როდესაც მიიღებთ გლუვ, ოქროსფერ კონსისტენციას, მომზადებული „სიროფი“ გადაასხით შუშის ჭურჭელში. რადგანაც ჩვეულებრივი ცვილისგან განსხვავებით, შუგარინგი ცხელი არ უნდა გამოიყენოთ, დაელოდეთ მის შეგრილებას.
ამოიღეთ ცვილის პატარა ნაწილი ხელით და წაისვით თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით, შემდეგ კი სწრაფი მოძრაობით მოიცილეთ თმის ზრდის მიმართულებით. გაითვალისწინეთ, რომ თმა იყოს 5-7 მმ სიგრძის. უკეთესი ეფექტისთვის, სასურველია პროცედურა პატარა მონაკვეთებზე გაიკეთოთ.
პროცედურის დაწყებამდე კანი პუდრით დაიმუშავეთ (თუ პუდრი არ გაქვთ, შესაძლებელია ხორბლის ფქვილის გამოყენებაც). თმის მოცილების შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამამშვიდებელი კრემი.
შუგარინგი იდეალურია ისეთი დელიკატური ზონებისთვის, როგორიცაა იღლია და ბიკინის ზონა.