გრიპი ვირუსული ინფექციაა, რომლის A და B შტამები ყოველწლიურად, სეზონურად აქტიურდება. სეზონური გრიპის ერთადერთ პრევენციულ ღონისძიებად ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა.
სეზონური გრიპის ვაქცინაციის შესახებ GMnews-ი ესაუბრა სამედიცინო ცენტრ „გორმედის“, პოლიკლინიკური დეპარტამენტის ექიმს ნანა განჯელაშვილს.
განჯელაშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტში გრიპის ვაქცინაზე წელს მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. ,,პაციენტები დარწმუნდნენ, რომ გრიპის აცრა უსაფრთოხოა, ამცირებს ავადობის რაოდენობას, ხოლო დაავადების შემთხვევაში, ინფექცია საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს. აცრის გაკეთება რეკომენდებულია 6 - თვიდან ზევითასაკის პირებისთვის, ხოლო რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან - ხშირად მოავადე ბავშვები, საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, 65 წლის და მეტის ასაკის ადამიანები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები“ - აცხადებს ნანა განჯელაშვილი.
ვაქცინა უნდა გაკეთდეს სეზონური ვირუსის გააქტიურებამდე, ოქტომბერ-ნოემბერში. „აცრის შემდგომი გართულებები იშვიათად ვლინდება და მიმდინარეობს მსუბუქად. 9 წლამდე ბავშვებში, რომლებიც პირველად იცრებიან, უნდა გაკეთდეს ორი ვაქცინა ერთი თვის ინტერვალით, მომავალი წლიდან კი, ერთი ვაქცინა წელიწადში ერთხელ, 9 წლის ზევით პაციენტებში კეთდება ერთი ვაქცინა წელიწადში ერთხელ“.
ნანა განჯელაშვილის განცხადებით, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“, შემოდის ჰოლანდიური კომპანიის მიერ წარმოებული სამკომპონენტიანი ვაქცინა ინფლუვალი და ასევე, ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი პრეპარატი.
გრიპზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, რაც შეეხება ფასებს - სამკომპონენტიან ვაქცინაში (2 A და 1 Bშტამი) 35 ლარის გადახდა მოგიწევთ, ოთხკომპონენტიანით ვაქცინაცია კი (2-A და 2 Bშტამი) 50 ლარი ღირს.