შინდისის, ვარიანისა და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მიწის უფასო რეგისტრაცია განხორციელდება
ვარიანისა და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში, მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ დაურეგისტრირდებათ.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსტანტინე თავზარაშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს უკვე შეხვდა და არსებულ ვითარებას გაეცნო.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვის გარეშე ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას (საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება) საკუთარი ინიციატივით, უფასოდ განახორციელებს. შედეგად ქვემო ნიქოზში, ზემო ნიქოზში, ზემო ხვითში, ქვემო ხვითში, შინდისში, ფხვენისში, ყელქცეულში, კოშკებში, ვარიანის მეურნეობაში, საქაშეთში, ახალდაბაში, არაშენდასა და ვარიანში მცხოვრები მოსახლეობა შეძლებს რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვასა და ეკონომიკური სარგებელის მიღებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
როგორც GMnews-ისთვის გახდა ცნობილი, მიწის სისტემური რეგისტრაცია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარება“ - ს ფარგლებში ხორციელდება.