საზოგადოება
27.07.2020 16:01
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ყველა ბაზრობაზე იგეგმება PCR ტესტირება, მიიღეს თუ არა გორში შესაბამისი რეკომენდაცია

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით  ლილოს ბაზრობაზე კონტროლი გამკაცრდა და PCR ტესტირება ჩატარდა. 1415 ტესტიდან, 5 მოვაჭრეს კოვიდინფიცირება დაუდასტურდა, 6 მათგანზე კი განმეორებითი კვლევა მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაზრობების ტერიტორია მომატებული რისკის შემცველია ვირუსის გავრცელების კუთხით, რის გამოც ტესტირების ჩატარება ყველა ბაზრობაზე იგეგმება.

გორის მუნიციპალიტეტის მერი Gmnews-თან საუბრისას აცხადებს, რომ ამჟამად მოქმედის გარდა, დამატებითი რეკომენდაციების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოხდება.

,,მოგეხსენებათ, ბაზრობებზე საკმაოდ აქტიურია ხალხის გადაადგილება, სწორედ ამის გამო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიიჩნევს, რომ ამ სივრცეებში საჭიროა კიდევ უფრო მეტი ყურადღება, თერმოსკრინინგი, დისტანცირება თუ სანიტარული წესების დაცვა. რადგან ბაზრობები ითვლება მეტი რისკის ზონებად, გვაქვს ინფორმაცია, რომ დგება პროექტი მასიური ტესტირების ჩატარებაზე. რაც შეეხება გორში მოქმედ ბაზრობებს, ამჟამად მოქმედი რეგულაციების გარდა, ჯერ არ მიგვიღია შესაბამისი დამატებითი რეკომენდაცია და ველოდებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოხდება ადეკვატური რეაგირება“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

კვირის ამბები