27.07.2020 12:01
„დილამ“ ქულა აიღო და ლიდერად დარჩა
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე გუშინ საღამოს გამართულ VII ტურის ცენტრალურ მატჩში გორის „დილამ" და ბათუმის „დინამომ" ქულები გაიყვეს.
შეხვედრა, როგორც ლიდერთა მატჩს შეეფერება, საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა, სანახაობის თვალსაზრისით მოიკოჭლებდა.
დილას დისკვალიფიკაციის გამო, გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი აკლდა, ტრავმების მიზეზით კი - კიდევ ოთხი ფეხბურთელი.
მიუხედავად ამისა, მაინც მოულოდნელი იყო პირველ ტაიმში მათ კარში გაშვებული გოლი, რომელიც დავით ხუცილავას შეცდომას მოჰყვა და დილას ლეგიონერის, ბალგოუსაგან გორელთა კარში შევარდა 0:1. მასპინძლებმა შესვენებამდე მაინც შეძლეს ანგარიშში წონასწორობის აღდგენა – თეიმურაზ მარკოზაშვილის პასით ბათუმელებს გოლი ირაკლი ლექვთაძემ გაუტანა 1:1.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
დღეისათვის, ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში ,,დილა" ისევ ლიდერია. ის ამჯერად 3-3 ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს თბილისის „დინამოს" და „საბურთალოს".
მომდევნო ტურის მატჩში, რომელიც 2 აგვისტოს თბილისში გაიმართება, გორელები „საბურთალოს" ეთამაშებიან.