საზოგადოება
27.07.2020 11:44
სექტემბრამდე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში რამდენიმე სკოლის მშენებლობა დასრულდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ნანა ტერმაკოზაშვილთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სკოლების მშენებლობის პროცესს გაეცნო.

სოფელ თედოწმინდაში დაწყებითი სკოლის მშენებლობა უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე სკოლის შიდა სარემონტო და გარე პერიმეტრის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„თანამედროვე სტანდარტების სკოლა სექტემბერში მზად იქნება მოსწავლეების მისაღებად და აღსაზრდელები ნამდვილად შესანიშნავ გარემოში დაიწყებენ სწავლას. მოგეხსენებათ, შენობა სრულად ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის, აქ განთავსდება კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. ამავდროულად, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ თედოწმინდაში დაწყებითი სკოლის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 მლნ ლარზე მეტი გამოყო.

ეკატერინე დგებუაძემ თედოწმინდის შემდეგ, ე.წ. საზღვრისპირა სოფლის - პატარა მეჯვრისხევის სკოლის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პატარა მეჯვრისხევის ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 მლნ 400 ათას ლარამდე გამოყო.

სკოლა სრულად ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის. შენობაში სასწავლო სივრცეებთან ერთად, მოეწყობა კომპიუტერული კლას-კაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით.

კვირის ამბები